ინტელის სახელმძღვანელო

aIntel® Education Viewer
შინაარსი
რესურსები
ჩანიშვნები
მოდული 1: პროექტებით სწავლება
აქტივობა 1: დასაწყისი
აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე
აქტივობა 5: გამოცემის მომზადება
აქტივობა 6: რეფლექსია
წინასწარ დაგეგმვა: დაგეგმვის პროცესის დაწყება
ბიბლიოგრაფია
მოდული 1 შეჯამება
მოდული 2: სასწავლო პროექტის დაგეგმვა
მოდული 3: კავშირები
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შექმნა
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიებით
მოდული 8: სასწავლო პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
Reset
 
  
  
მოდული 1
პროექტებით სწავლება
პროექტები შესაძლებლობას იძლევა, სასწავლო აქტივობები დაუკავშირდეს ავთენტურ და ცხოვრებისეულ კონტექსტს, მოსწავლეებს განუვითაროს მაღალი დონის სააზროვნო უნარები და გაზარდოს სასწავლო პროცესში მოსწავლეთა ჩართულობა. ამ მოდულში თქვენ შეისწავლით, თუ როგორ შექმნათ ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტები, როგორ განსაზღვროთ მათი მომზადებისთვის საჭირო სავარაუდო დრო და დაიწყებთ სასწავლო პროექტის გეგმაზე მუშაობას.
მთავარი კითხვა
  • როგორ შეიძლება გამოვიყენოთ ტექნოლოგიები ყველაზე ეფექტურად სწავლების პროცესის ხელშეწყობისა და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
მოდულის საკვანძო კითხვები
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევასა (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ამოცანები
  • ინტელის ძირითადი კურსის მიზნებისა და მოლოდინების განსაზღვრა
  • პორტფოლიოში არსებული საქაღალდეების შექმნა თითოეული მოდულის მასალების შესანახად
  • პროექტის გეგმის შაბლონის, პორტფოლიოს რუბრიკისა და პროექტის პორტფოლიოების ნიმუშების გაცნობა
  • პროექტის დაგეგმვისა და პროექტების სწავლებაში დანერგვის მიდგომის განხილვა
  • პროექტების გამოქვეყნება სხვებისთვის გასაზიარებლად
  • რეფლექსია სწავლაზე
  • ტექნოლოგიებით გამდიდრებული სასწავლო პროექტის დაგეგმვის დაწყება, რომლის მიზანია მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარება.
ინსტრუმენტები
  • ტექსტური რედაქტორი
დამატებითი რესურსები
ამ მოდულში გამოყენებულია შემდეგი ფაილები:
აქტივობა 1: დასაწყისი
ნაბიჯი 1: გაცნობა
წარუდგინეთ ჯგუფს თქვენი თავი და გაეცანით კურსის მონაწილეებს. კოლეგები, რომელთაც აქ გაიცნობთ, თქვენთვის სასარგებლო რესურსს წარმოადგენს როგორც კურსზე მუშაობისას, ასევე, კურსის დასრულების შემდეგ, ახალათვისებული მასალის პრაქტიკაში გამოყენებისას.
გაუზიარეთ სხვებს, რომელ კლასებს და რა საგანს ასწავლით, გააცანით თქვენი ამ კურსში მონაწილეობის მიზნები.
შენიშვნა: შესაძლოა, გამოცდილება გაიმდიდროთ რომელიმე კოლეგასთან თანამშრომლობით, ერთ კონკრეტულ თემაზე მუშაობისას. ეცადეთ, პარტნიორებად აირჩიოთ ის მასწავლებლები, რომლებიც იმავე ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობენ და იმავე საგანს ასწავლიან, რომელსაც თქვენ.
ნაბიჯი 2: ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა
კურსის მიზანი
კომპიუტერული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენებით, ინტელის ძირითადი კურსი დაგეხმარებათ მოსწავლეთა წარმოსახვის, შემოქმედებითი უნარების წახალისებასა და, საბოლოოდ, უკეთესი სასწავლო შედეგების მიღწევაში.
კურსის განმავლობაში თქვენ უპასუხებთ კითხვას, თუ როგორ შეიძლება კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენება სწავლის პროცესის გაუმჯობესებისთვის. კურსის მთავარი კითხვაა:
როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად?
კურსის განმავლობაში მრავალჯერ მოგეცემათ ამ კითხვაზე დაფიქრებისა და პასუხების მოკვლევის საშუალება, მოსწავლეებთან მუშაობის კონტექსტის გათვალისწინებით.
ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გამოცდილებას კომპიუტერის გარეშე ვიღებთ. ამდენად, მოცემული კურსი ეყრდნობა კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის შედგენისა და შეფასების პრაქტიკას, კლასში სასწავლო თემების არჩევისას და პროექტების განხორციელებისას.
რა მიზნები დავსახეთ თქვენთვის
ამ კურსის რაც მეტ მოდულს გაეცნობით, მით უფრო მეტ მასწავლებელთან მოგიწევთ თანამშრომლობა. განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
  • ვიკი (მინიენციკლოპედია) - თანამშრომლობისთვის, პედაგოგიური გამოცდილების განხილვებზე
  • ბლოგი რეფლექსიისთვის - ინდივიდუალური ან ჯგუფური
  • კოლაბორაციული ვებსაიტი იდეების გაზიარებისთვის
  • მონიშვნის/სარჩევის შექმნა სასარგებლო ვებ-გვერდების ჩანიშვნისა და კომენტირებისთვის
ჩვენი მიზანია, შეიმუშაოთ პროექტის პორტფოლიო, რომელსაც გამოიყენებთ კლასში და რომელიც სწავლის ხარისხის გაუმჯობესებაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და მოსწავლეთათვის 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში დაგეხმარებათ.
შენიშვნა: ფაილი 21–ე საუკუნის უნარ–ჩვევები შეგიძლიათ იხილოთ რესურსების ჩანართის ჯგუფში სააზროვნო უნარ-ჩვევები.
კურსის მიმოხილვა
განვიხილოთ კურსის თითოეული მოდულის მთავარი აქცენტები და მოსალოდნელი შედეგები.
მოდული 1: პროექტებით სწავლება
თემა: პროექტებზე დაფუძნებული სწავლება და პროექტის მონახაზი
ძირითადი აქტივობები:
  • პორტფოლიოს კომპონენტების გაცნობა
  • სტატიის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე და მისი გამოცემა
  • თქვენი პროექტის შესაბამისი 21-საუკუნის უნარ-ჩვევების შერჩევა
  • საპროექტო იდეების გენერირება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 2: ჩემი პროექტის დაგეგმვა
თემა: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები და მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • სტანდარტების შემუშავება თქვენი პროექტისთვის
  • სასწავლო ამოცანების ჩამოყალიბება
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების ეფექტური სტრატეგიების მოკვლევა
  • დროში გაწერილი შეფასების გეგმის მონახაზის შექმნა
  • შეფასების ფორმის შედგენა მოსწავლეთა საჭიროებების გამოვლენისთვის
  • პროექტის პორტფოლიოს პრეზენტაციის შექმნა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 3: კავშირები
თემა: ინტერნეტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება პროექტის პორტფოლიოზე და მოსწავლეთა უკვე გამოვლენილი საჭიროებების შეფასება
  • იდეების გაზიარება, პროექტზე დაფუძნებული სწავლებით სტანდარტის შედეგების მიღწევაზე
  • საავტორო უფლებების კანონმდებლობის გაცნობა და მისი გამოყენება
  • ციტირებული წყაროების შემცველი დოკუმენტის შექმნა
  • ინტერნეტრესურსების გამოყენების დანერგვა კვლევის, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, პრობლემების გადაჭრისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარების მხარდასაჭერად.
  • ონლაინთანამშრომლობითი ვებსაიტების გამოყენება პროექტის იდეების გაზიარებისთვის
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 4: სასწავლო ნიმუშების შედგენა
თემა: პროექტის შედეგები მოსწავლის თვალთახედვით
ძირითადი აქტივობები:
  • სტრატეგიების შერჩევა პროექტებზე დაფუძნებულ და მოსწავლეზე ორიენტირებულ საკლასო გარემოსთან მოსწავლეების ადაპტირების ხელშესაწყობად
  • მოსწავლეთა მიერ შექმნილი გამოცემის, პრეზენტაციის, მინიენციკლოპედიის ან ბლოგის ნიმუშის შექმნა სწავლის შედეგების დემონსტრირების მიზნით
  • სწავლების პროცედურების მონახაზის შედგენა
  • მოსწავლეთა ნამუშევრების თვითშეფასება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასება
თემა: განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასება
ძირითადი აქტივობები:
  • უკუკავშირის მიღება მოსწავლის ნიმუშზე
  • შეფასების პროცესში მოსწავლეების ჩართვასთან დაკავშირებული პოტენციური სირთულეებისა და მათი დაძლევის გზების მოძიება
  • თქვენ მიერ გამოყენებული შეფასების ფორმების ანალიზი და შეფასება/თვითშეფასება
  • შემაჯამებელი შეფასების პირველადი ვარიანტის შედგენა
  • თქვენი მოსწავლეებისთვის შესაბამისი შეფასების ფორმების შედგენა
  • შეფასების ფორმების შედგენის შემდეგ, მოსწავლეთათვის შექმნილი პროექტის ნიმუშის გადახედვა და შესაბამისი ცვლილებების შეტანა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 6: დაგეგმვა მოსწავლეთა წარმატებისთვის
თემა: მოსწავლეთა ხელშეწყობა და ორიენტირება დამოუკიდებელ მუშაობაზე
ძირითადი აქტივობები:
  • დიფერენცირებული სწავლების სტრატეგიების განხილვა
  • მოსწავლეთა დამოუკიდებელი მუშაობის ხელშემწყობი შეფასების ფორმების შექმნა
  • მოსწავლეთათვის დამატებითი დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის შეცვლა სხვადასხვა სტილის/დონის მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
  • თვითშეფასება, თუ რამდენად წარმატებით შექმენით მოსწავლეზე ორიენტირებული საკლასო გარემო
მოდული 7: ფასილიტაცია ტექნოლოგიების გამოყენებით
თემა: მასწავლებელი, როგორც ფასილიტატორი
ძირითადი აქტივობები:
  • კითხვის დასმის სტრატეგიები მაღალი დონის სააზროვნო უნარების ხელშესაწყობად
  • დამხმარე მასალების შექმნა
  • პროექტის გეგმის განახლება
  • განხორციელების სტრატეგიების განხილვა
  • დოკუმენტების შექმნა მენეჯმენტისთვის
  • საგაკვეთილო გეგმის შეფასება და განახლება შეფასების შედეგების მიხედვით
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
მოდული 8: პროექტის პორტფოლიოს ჩვენება
თემა: შესწავლილის გაზიარება
ძირითადი აქტივობები:
  • შენი ნამუშევრის მომზადება წარსადგენად
  • პროექტის პორტფოლიოზე უკუკავშირის მიღება და გაცემა
  • რეფლექსია თქვენს ბლოგზე
  • ინტელის ძირითადი კურსის შეფასება
ინდივიდუალური მიზნების დასახვა
1. თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, დარწმუნდეთ, რამდენად კარგად გაიგეთ კურსის მიზნები და მოლოდინები.
  • რომელმა საკითხებმა დაგაინტერესათ ყველაზე მეტად?
  • რომელი საკითხები იქნება ყველაზე გამოსადეგი თქვენთვის?

2. განიხილეთ თქვენი მოსაზრებები მთელ ჯგუფთან ერთად
3. განხილვის შემდეგ დაფიქრდით, რომელ თემაზე ისურვებდით ყურადღების მეტად გამახვილებას და ჩამოწერეთ თქვენი ამ კურსში მონაწილეობის მიზნები. ამ მიზნებს თქვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით.
შენიშვნა: ქვემოთ მოცემული მაგალითები დაგეხმარებათ საკუთარი მიზნების განსაზღვრაში:
  • მე მინდა გავიღრმაო ცოდნა მოსწავლეთა სასწავლო პროექტების შეფასების მეთოდებზე
  • მე მინდა მოსწავლეებს დავეხმარო თვითშეფასებისა და თვითრეგულირების უნარის განვითარებაში, რომელსაც მთელი წლის განმავლობაში გამოიყენებენ და დახვეწენ
  • მე მინდა კარგად ორგანიზებული სასწავლო პროექტები დავგეგმო, რომლებშიც ჩემი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან და რომლებიც აუცილებელი სტანდარტების მიღწევას შეუწყობს ხელს.

პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: მოსწავლეებს სთხოვეთ, პროექტზე მუშაობის დაწყებისას, პირველ რიგში, მიზნები შეიმუშაონ, რათა მუშაობის პროცესი სასწავლო საჭიროებებისკენ იყოს მიზანმიმართული.
ნაბიჯი 3: ჩემი როლი სასწავლო გეგმის შედგენაში
სასწავლო გეგმის შედგენაში მასწავლებლის როლი ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ინსტრუქტორის. მასწავლებლის ვალდებულებაა სწავლის პროცესის სრულყოფილად წარმართვა და, ამდენად, სასწავლო გეგმის შესრულება, შეფასება და შედგენა.
მასწავლებელი იღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ გამოიყენოს სასწავლო გეგმა კლასში, როგორი თანმიმდევრობით წარმოადგინოს აქტივობები, როგორ უპასუხოს მოსწავლეთა კითხვებს და იდეებს. მასწავლებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ მიიღებს მოსწავლე სასწავლო გეგმას. ამდენად, ჩვენი თხოვნაა, განსაკუთრებით ყურადღებით მოეკიდოთ ამ როლს, მთელი კურსის განმავლობაში დაკვირვებით გააანალიზოთ სასწავლო პროცესის დაგეგმვის საფეხურები და, შესაბამისი ნორმების დაცვით, შეადგინოთ პროექტის პორტფოლიო.
კურსის შედეგები
ამ კურსის ფარგლებში, თქვენ შექმნით და სრულყოფთ რესურსებს იმ თემაზე, რომელსაც ასწავლით. სასწავლო პროექტი შესაძლოა გრძელდებოდეს ერთი კვირიდან რამდენიმე თვემდე და უნდა შეიცავდეს სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებს. თქვენიპროექტის პორტფოლიო დაიხვეწება მთელი კურსის განმავლობაში.
ნაბიჯი 4: პორტფოლიოს ელექტრონული საქაღალდის შექმნა
თქვენი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების მიზნით, შექმენით მთავარი საქაღალდე, სახელწოდებით პორტფოლიო და მასში რამდენიმე ქვესაქაღალდე. დოკუმენტებისა და ფაილების მართვის ასეთი სისტემა დაგეხმარებათ, ორგანიზებულად შეინახოთ, როგორც მიმდინარე ნამუშევრები, ისე დასრულებული დოკუმენტები. ყველა გამოცემა, პრეზენტაცია თუ დოკუმენტი, რომელიც პროექტთანაა დაკავშირებული, ამ საქაღალდეში შეინახეთ, ეს მათ იდენტიფიცირებას და მოძებნას გააიოლებს. პოტფოლიოს ჩეკლისტი დაგეხმარებათ დასრულებული დოკუმენტების მოძებნაში. როდესაც გადახედავთ პროექტის გეგმის შაბლონს, შეინახავთ პორტფოლიოს საქაღალდეში კურსის_რესურსები.
პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: მოსწავლეებისთვის კონკრეტული საქაღალდეების იერარქიის შეთავაზება, სადაც დოკუმენტები გარკვეული სტრუქტურითაა დალაგებული, კლასის მართვის ერთგვარ ეფექტურ მოდელს წარმოადგენს. ეს საშუალებას მოგცემთ თქვენ და თქვენს მოსწავლეებს, შეინახოთ და მოძებნოთ თქვენი ნამუშევრები მარტივად.
ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევის გამოყენება
კურსის სხვადასხვა ეტაპზე თქვენ შეგეძლებათ, განსხვავებული რესურსები გამოიყენოთ, რაც გარკვეულ კითხვებზე პასუხების მოძიებაში დაგეხმარებათ. ინფორმაციის მოსაძიებლად ხშირად ინტერნეტსივრცეს ან კოლეგის დახმარებას გამოიყენებთ. ტექნიკური დახმარებისთვის კი შეგიძლიათ ინტელის საგანმანათლებლო დამხმარე გზამკვლევი გამოიყენოთ, რომელიც ელექტრონული რესურსია და დეტალურ ინსტრუქციებს გთავაზობთ. დამხმარე გზამკვლევი დაგეხმარებათ როგორც კურსის მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგ.
პორტფოლიოს საქაღალდის შექმნა
ტრენერის ინსტრუქციების მიხედვით, შექმენით საქაღალდეები თქვენს პორტფოლიოში.
1. გადახედეთ პორტფოლიოს სტრუქტურას:
Portfolio_folder.jpg
2. შექმენით საქაღალდეების ანალოგიური სტრუქტურა თქვენი კომპიუტერის სამუშაო მაგიდაზე. საქაღალდეების და ქვესაქაღალდეების შექმნისას, თუ დაგჭირდათ, გამოიყენეთ დამხმარე გზამკვლევი (იხილეთ ინტელის ძირითდი კურსი - უნარი 1.1.)
შენიშვნა: თუ სხვადასხვა კომპიუტერზე მუშაობა გიწევთ, თქვენი საქაღალდეები ვიკი საიტზე, ან რომელიმე სხვა ინტერნეტრესურსების საცავში შექმენით. შესაძლო საიტების სია იხილეთ ბმულზე ფაილების გაგზავნა და შენახვა ინტერნეტით,რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში კურსის შესახებ.
3. გადახედეთ რესურსს: პორტფოლიოს ჩეკლისტი, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები. ეს ჩეკლისტი მთელი კურსის განმავლობაში თქვენი პროგრესის შეფასებაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი 5: სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონის განხილვა
ამ ნაბიჯზე თქვენ ნახავთ პროექტის გეგმის შაბლონს და მის შემადგენელ ნაწილებს, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი. თითოეული უჯრისთვის გაწერილია მისი შევსების ინსტრუქცია. პროექტის გეგმის შაბლონი მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო. თქვენი პორტფოლიოს დახვეწა/სრულყოფა მოხდება მთელი რვა მოდულის განმავლობაში.
1. შეინახეთ პროექტის გეგმის შაბლონი პორტფოლიოს ქვესაქაღალდეში სასწავლო_პროექტის_გეგმა.
2. გახსენით და გაეცანით პროექტის გეგმის შაბლონს. მოკლედ განიხილეთ თითოეული ნაწილი. ჩაერთეთ დისკუსიაში პროექტის გეგმის კომპონენტების შესახებ და დაადგინეთ, რომელ მოდულში გექნებათ თითოეული ნაწილის შევსების შესაძლებლობა. განიხილეთ, როგორ ავსებს პორტფოლიოს თითოეული ნაწილი ერთმანეთს და როგორ ინტეგრირდება ისინი პროექტის გეგმის შაბლონში კურსში შემოთავაზებული აქტივობების განხორციელებისას. შესაძლოა, დაგჭირდეთ პორტფოლიოს ჩეკლისტი, რათა გადაამოწმოთ, სად იქნება განთავსებული პორტფოლიოს თითოეული ნაწილი პროექტის გეგმის შაბლონთან დაკავშირებით.
შენიშვნა: სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი პროექტის პორტფოლიოს ორგანიზების ძირითადი ინსტრუმენტია. მასწავლებლები საკუთარ სკოლებში დაბრუნდებიან დეტალურად გაწერილი და კოლეგების მიერ რედაქტირებული მზა პორტფოლიოთი, რომლის კლასში გამოყენებასაც უკვე ადვილად შეძლებენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ პროექტის გეგმის კომპონენტების შევსება თანმიმდევრულად არ ხდება, შესაძლოა გეგმის ერთი კომპონენტი ნაწილობრივ შეავსონ მასწავლებლებმა ერთი მოდულის გავლისას და იმავე კომპონენტის დასრულება შესაძლებელი გახდეს სხვა მოდულის ფარგლებში.

აქტივობა 2: სასწავლო ღონისძიებების ეფექტურად დაგეგმვა
ეფექტური სწავლებისთვის და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში აქტიური ჩართვისთვის საჭიროა პროექტის გონივრული მონახაზის შედგენა და გააზრებული დაგეგმვა. ამ აქტივობაში თქვენ გაეცნობით და განიხილავთ კურსის ფარგლებში სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვასთან დაკავშირებულ საკითხებს. ასევე, განიხილავთ ძირითადი კურსის პორტფოლიოს რუბრიკას. აღნიშნული რესურსები დაგეხმარებათ პროექტის გეგმის შედგენაში, სასწავლო მიზნების მიღწევასა და სასწავლო პროცესში მოსწავლეების აქტიურად ჩართვაში.
ნაბიჯი 1: კვლევის მიმოხილვა
სწავლისა და სწავლების პროცესის კვლევა შემდეგი საკითხების მნიშვნელობაზე მიუთითებს:
მნიშვნელოვანი თემების სიღრმისეული გამოკვლევა და განხილვა
  • “საგნის შესწავლისას ყველა პროექტის ზედაპირული განხილვა უნდა შეიცვალოს რამდენიმე პროექტის სიღრმისეული შესწავლით, რომელიც დაეხმარება მოსწავლეს მოცემული დისციპლინის საკვანძო კონცეფციების გაგება-გააზრებაში.... ნებისმიერი ერთი დისციპლინის ფარგლებში მოსწავლემ საკმარისი რაოდენობის კონკრეტული სიტუაციები სიღრმისეულად უნდა შეისწავლოს, რათა ამ საგანში ძირითადი განმსაზღვრელი ცნებების სრულყოფილი ათვისება შეძლოს“ (Bransford, Brown, & Cocking, 2000, p. 20).
  • „სიღრმისეული ცოდნის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორია მოცემულ საგანში მნიშვნელოვანი ფაქტების დეტალური და ორგანიზებული გააზრება და ცოდნა. განათლების სისტემამ მოსწავლეებს თითოეულ საგანში ფაქტების დეტალურად შესწავლის შესაძლებლობა უნდა მისცეს, რათა მოგვიანებით საგნის უფრო ღრმად შესწავლის საფუძველი ჰქონდეს” (Bransford et al., 2000, p. 239).
მნიშვნელოვანი იდეები გონივრული ორგანიზებისთვის
  • თითოეულ საგანში არსებობს რამდენიმე საბაზისო იდეა, რომელიც აჯამებს მეცნიერთა აღმოჩენებს. ...აღნიშნული მოსაზრებები მნიშვნელობას სძენს შესწავლილ მასალას და მომავალში დასმული ამოცანების ამოხსნისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს” (Bloom, 1981, p. 235).
  • „მდგრადი ღირებულების მქონე მნიშვნელოვან იდეებზე/მოსაზრებებზე ყურადღების გამახვილების გარეშე, მოსწავლეებს ძალიან ადვილად ავიწყდებათ ნასწავლი საკითხები და მხოლოდ ფრაგმენტები ახსოვთ” (Wiggins & McTighe, 2005, p. 66).
მიმდინარე შეფასება
  • „განმავითარებელი შეფასებები - მიმდინარე შეფასებები, რომლებიც მოსწავლის აზროვნების უნარსა და მიმართულებას წარმოაჩენს მასწავლებლის და მოსწავლეების წინაშე - ძალიან მნიშვნელოვანია. ამ გზით მასწავლებელი წინასწარ ამოწმებს მოსწავლეების ვარაუდებს, ხედავს, თუ განვითარების რა ეტაპზე იმყოფება თითოეული მოსწავლე არაფორმალურ და ფორმალურ აზროვნებას შორის, და ქმნის შესაბამისი სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის შესაძლებლობას, სათანადო ინსტრუქციებს აძლევს მას. შეფასებაზე ორიენტირებულ საკლასო გარემოში განმავითარებელი შეფასებები ეხმარება როგორც მასწავლებელს, ისე მოსწავლეებს, პროგრესის მონიტორინგში” (Bransford et al., 2000, p. 239).
  • ბლექი, ჰარისონი, ლიი და მარშალი (2003) სწავლობდნენ შეფასების თემაზე ჩატარებულ კვლევებს და აღმოაჩინეს, რომ „ინოვაციები, რომლებიც განმავითარებელი შეფასების გამოყენების პრაქტიკის გაძლიერებას გულისხმობდა, მნიშვნელოვნად ზრდიდა სწავლის შედეგებს. კვლევებში მრავალფეროვანი ასაკობრივი ჯგუფების მოსწავლეები მონაწილეობდნენ (5 წლიდან დაწყებული, უნივერსიტეტის სტუდენტებით დამთავრებული), რომლებიც სხვადასხვა საგანს წარმოადგენდნენ, რამდენიმე ქვეყნიდან“ (გვ.9).
  • სიღრმისეულმა კვლევამ თემაზე „მოსწავლეთა შიდა საკლასო შეფასების გავლენა აკადემიური მოსწრების შედეგებზე“ დაადატურა, რომ აკადემიურ მოსწრებაში შედეგების გაზრდა სრული სტანდარტული გადახრით აღინიშნება (Stiggins, 2004, p. 27).
მიზანმიმართული, ავთენტური დავალებები
  • „ნებისმიერი ასაკის მოსწავლის მოტივაცია იზრდება, თუ ხედავს ნასწავლის საჭიროებას და სარგებელს რეალურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ მიღებული ცოდნა დაეხმარება მათ სხვებზე, უპირველესად – ადგილობრივ თემზე, მოახდინონ დადებითი გავლენა“ (McCombs, 1996; Pintrich & Schunk, 1996, cited in Bransford et al., 2000, p. 61).
  • ავთენტური ინტელექტუალური სამუშაოს შემცველ დავალებებზე მუშაობა აუმჯობესებს მოსწავლეთა შედეგებს ტრადიციული ტესტების წერისას... ავთენტურ ინტელექტუალურ აქტივობაში მონაწილეობა ხელს უწყობს მოსწავლეების მოტივირებასა და შრომისუნარიანობას, ვინაიდან ასეთი დავალებები მოსწავლეთათვის ცხოვრებისეულად საინტერესო კითხვებზე აკეთებს აქცენტს, მოსწავლეები მეტ ყურადღებას იჩენენ როგორც დასმულ კითხვებზე, ასევე მიღებულ პასუხებზე” (Newmann, Bryk, & Nagaoka, 2001, pp. 29–30).
პროექტზე დაფუძნებული სწავლის გაცნობა
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლა/სწავლების მოდელია. ეს მეთოდი მოსწავლეს შესაძლებლობას აძლევს, შეიძინოს ცოდნა და უნარ-ჩვევები სიღრმისეული დავალებების შესრულებისას, რომელიც მოითხოვს მოსწავლისგან აქტიურ კვლევასა და სწავლის რეალური შედეგის ჩვენებას, შექმნილი საგაკვეთილო პროდუქტით და აქტივობით. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია საკვანძო კითხვები, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებს მაღალი დონის აზროვნებასთან და რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტთან.
პროექტებზე დაფუძნებული სწავლება მოიცავს მრავალფეროვან სასწავლო მეთოდებს ნებისმიერი მოსწავლის პროექტში აქტიურად ჩართვისთვის, მიუხედავად მისი სწავლის სტილისა. პროექტის განხორციელებისას მოსწავლეებს ხშირად უწევთ ექსპერტებთან და საზოგადოებრივ მოხელეებთან თანამშრომლობა თემის სიღრმისეულად შესასწავლად. პროექტებზე დაფუძნებული სწავლისას გამოიყენება შეფასების მრავალგვარი ფორმები, რათა მოსწავლეებმა მაღალი ხარისხის ნამუშევრები წარმოადგინონ.
პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას აქვს შემდეგი უპირატესობა:
  • აქტიური კვლევისა და მაღალი დონის აზროვნების წახალისება (Thomas, 1998)
  • ჩართულობის, საკუთარი თავის რწმენისა და სწავლისადმი დადებითი დამოკიდებულების გაზრდა (Thomas, 2000)
  • აკადემიური სარგებელი, რაც სხვა მოდელების სწავლების შედეგებს უტოლდება ან აღემატება, სადაც მოსწავლეები მეტ პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთ სწავლის პროცესზე, განსხვავებით სწავლების ტრადიციული მოდელისა (Boaler, 1999; SRI, 2000)
  • კომპლექსური უნარ-ჩვევების განვითარების შესაძლებლობა, მაგ. აზროვნების მაღალი დონე, პრობლემების გადაჭრა, თანამშრომლობა, კომუნიკაცია (SRI)
  • სხვადასხვა ტიპის სწავლების სტრატეგიების, ფორმების გამოყენება შესაძლებელს ხდის კულტურულად მრავალფეროვანი სწავლის სტილის მოსწავლეების აქტიურ ჩართვას სწავლების პროცესში (Railsback, 2002)
ნაბიჯი 2: სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესის განხილვა
წარმატებისთვის აუცილებელ პირობად შეგვიძლია მივიჩნიოთ შესასწავლი თავის დაგეგმვა მისაღწევი შედეგის მიხედვით და სასწავლო პროცედურების ძირითადი ცნებების გარშემო ორგანიზება (Wiggins & McTighe, 2005). მასწავლებელი უნდა დარწმუნდეს, რომ დაგეგმილი აქტივობები მოსწავლეს დაეხმარება დასახული ამოცანების მიღწევასა და ძირითადი ცნებების გაგებაში. სასწავლო გეგმის მიზნების, ამოცანებისა და სტანდარტების განხილვის და მათი ურთიერთქმედების შესწავლის შემდეგ, მასწავლებლები შეძლებენ სასწავლო პრიორიტეტების დასახვას. მოცემული კურსის ფარგლებში, თქვენ შექმნით პროექტის პორტფოლიოს შემდეგი საფეხურების შესრულებით:
1. განსაზღვრეთ კონკრეტული სასწავლო მიზნები საგნობრივი სტანდარტიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან, რათა მოსწავლეები სასწავლო გეგმის ძირითად თემებს სიღრმისეულად გაეცნონ.
2. შეიმუშავეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები, რომლებიც მიმართულია საკვანძო იდეების გაგება-გააზრებაზე და დაგეხმარებათ, მოსწავლეების ყურადღება გამახვილდეს მნიშვნელოვან თემებსა და კონცეფციებზე.
3. შეიმუშავეთ შეფასების გეგმა, რომელიც მოიცავს მოსწავლეზე ორიენტირებულ, მიმდინარე და რეფლექსურ შეფასებას.
4. დაგეგმეთ აქტივობები, რომლებიც მოსწავლეების საჭიროებებს პასუხობს, რეალურ ცხოვრებას აკავშირებს სასწავლო პროცესთან, შეიცავს ღირებულ დავალებებს ან პროექტებს, საჭიროებს ტექნოლოგიების გამოყენებას.
ამ მარტივმა, პროექტის ოთხსაფეხურიანმა დაგეგმვის პროცედურამ არ უნდა შეგიყვანოთ შეცდომაში, თითქოს დაგეგმვის პროცესი სწორხაზოვანია. თქვენ ხშირად მოგიწევთ წინა საფეხურებზე დაბრუნება, რათა პროექტის ყველა კომპონენტი ლოგიკურად დაუკავშიროთ ერთმანეთს. იხილეთ ბლოკ-სქემა სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესი, გადახედეთ საფეხურებს შორის კავშირებს.
Instructional_Design_Flowchart.jpg

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხები და შესაბამისი აქტივობები უნდა გამოიყენოთ სასწავლო მიზნებისა და სტანდარტების მისაღწევად. ერთი პროექტის ფარგლებში მოსწავლეების პროგრესის გაზომვისთვის აუცილებელია გამოიყენოთ შეფასებისა და მონიტორინგის მრავალი ფორმა. განიხილეთ დაგეგმვის პროცესი შემდეგ კითხვებზე პასუხის გაცემით და თქვენი მიზნების ჩამოყალიბებით:
5. რომელ საფეხურებს იცნობთ ყველაზე უკეთ?

6. დაგეგმვის რომელი საფეხურის შესახებ გსურთ დამატებითი ინფორმაციის მიღება?

გამოიყენეთ წინამავალი ინფორმაცია და ბლოკ-სქემა თქვენი სასწავლო მიზნების ჩამოყალიბებისას დოკუმენტში სასწავლო მიზნები,რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში კურსის შესახებ.
პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: მოსწავლეებს სთხოვეთ, მიზნები პროექტზე მუშაობის დასაწყისში დასახონ, რათა კარგად გაიაზრონ, რა თემებზე სურთ ყურადღების გამახვილება და დამატებითი ცოდნის მიღება.
ნაბიჯი 3: პორტფოლიოს რუბრიკის განხილვა
პროექტზე მუშაობის დაწყებამდე რუბრიკის განხილვა დაგეხმარებათ, მოილაპარაკოთ და ზუსტად გაერკვეთ თქვენს მოლოდინებში. გადახედეთ პორტფოლიოს რუბრიკაში მოცემულ კრიტერიუმებს და ზუსტად გაეცანით, რა მოლოდინები არსებობს თქვენს თემაზე.
1. იხილეთ პორტფოლიოს რუბრიკა რომელიც მოთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
შენიშვნა: შეინახეთ რუბრიკა თქვენი პორტფოლიოს საქაღალდეში კურსის_რესურსები.
2. გაამუქეთ ან ხაზი გაუსვით რუბრიკის იმ მონაკვეთებს, რომლებიც უკავშირდება თქვენ მიერ ჩამოყალიბებულ მიზნებს.
პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: გაუზიარეთ რუბრიკა თქვენს მოსწავლეებს პროექტზე მუშაობის დაწყებამდე, რათა ისინი ნათლად გაეცნონ პროექტის მოლოდინებს.
3. გადახედეთ თქვენ მიერ ჩამოყალიბებულ მიზნებს პირველი აქტივობიდან და საჭიროებისამებრ ჩაასწორეთ.
აქტივობა 3: პროექტის მოთხოვნების გაცნობა
პროექტებზე დაფუძნებული სწავლის საგაკვეთილო პროცესში ინტეგრირების მრავალგვარი შესაძლებლობა არსებობს, დაწყებული რამდენიმედღიანი სასწავლო პროექტიდან, რომელიც ერთი რომელიმე თემის გარშემო კონცენტრირდება და დამთავრებული პროექტებით, რომლებიც შეიძლება მთელი წლის სასწავლო გეგმას ფარავდეს. მომდევნო აქტივობაში თქვენ განიხილავთ პროექტების მახასიათებლებს და იმსჯელებთ, თუ როგორ შეიძლება პროექტის ელემენტების ინტეგრირება პროექტის გეგმაში.
ნაბიჯი 1: პროექტზე დაფუძნებული მიდგომების განხილვა
პროექტზე დაფუძნებული სწავლა მოსწავლეებს მნიშვნელოვანი პრობლემების გამოძიებისკენ უბიძგებს. პროექტები, რომლებიც სწავლის მაღალ ხარისხს განაპირობებენ, შეიძლება განსხვავდებოდეს თემატიკისა და მასშტაბის მიხედვით და შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან. პროექტებზე მუშაობა მოსწავლეებს აქტიურ როლს ანიჭებს, მათ შორისაა:
  • პრობლემის გადაჭრის
  • გადაწყვეტილების მიღების
  • გამოძიების
  • დოკუმენტირების
პროექტები ემსახურება კონკრეტულ, მნიშვნელოვან სასწავლო მიზნებს. პროექტები არაა ნორმიდან გადახვევა, არამედ სასწავლო გეგმის „რეალური“ დანამატია. პროექტებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმა მოიცავს მნიშვნელოვან კითხვებს, რომლებიც აკავშირებს საგნობრივ სტანდარტებსა და მაღალ სააზროვნო დონეს ცხოვრებისეულ მიზნებთან. მოსწავლეებს უწევთ რეალური, ცხოვრებისეული როლების თამაში და მნიშვნელოვანი დავალებების შესრულება.
იხილეთ პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები.
პროექტებზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს უვითარდებათ ცხოვრებისეული, 21-ე საუკუნისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, ესაა ის უნარ-ჩვევები, რომლებიც დღეს დამქირავებლებს ყველაზე მეტად აინტერესებს, მაგალითად:
  • კარგი თანამშრომლობა
  • გონივრული გადაწყვეტილების მიღება
  • ინიციატივის გამოჩენა
  • კომპლექსური პრობლემების გადაჭრა
  • თვითმართვა
  • ეფექტური კომუნიკაცია
აუცილებელი არაა ყველა თემაზე შექმნათ სასწავლო პროექტები, თუმცა პროექტზე მუშაობა მნიშვნელოვნად ზრდის სწავლის შედეგებს. ზოგიერთი თემა თავიდან ბოლომდე პროექტზეა ორიენტირებული მაშინ, როცა სხვა თემაზე პროექტი შეიძლება გაკეთდეს მის რომელიმე ნაწილში ან თუნდაც კულმინაციურ ფაზაში. ქვემოთ ჩვენ განვიხილავთ პროექტების თემაში ინტეგრირების სხვადასხვა გზას. თუ თქვენ გადაწყვეტთ რაიმე თემაზე პროექტის შექმნას, გადახედეთ ფაილს პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში შეფასებები და შეინახეთ ის თქვენი პორტფოლიოს საქაღალდეში სასწავლო პროექტის გეგმა.
ნაბიჯი 2: სასწავლო პროექტების პორტფოლიოების გაცნობა
ამ აქტივობისას თქვენ კონკრეტული სასწავლო პროექტის მაგალითებს გაეცნობით, რომლებშიც პროექტებით სწავლება ინტეგრირებულია სხვადასხვა ფორმით. ასევე, შესაძლებლობა გექნებათ, გააანალიზოთ რამდენიმე პროექტის პორტფოლიო, პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტის გამოყენებით.
გამოიყენეთ დამხმარე გზამკვლევი, თუ ტექნოლოგიურ უნარ-ჩვევებში გესაჭიროებათ დახმარება.
1. გაეცანით პროექტის პორტფოლიოს, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სასწავლო პროექტების პორტფოლიო,ან ნახეთ სასწავლო პროექტების ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდზე.
a. იხილეთ ვებგვერდი: http://tpdc.ge/essentials/project%20design/
b. დააწკაპუნეთ სასწავლო პროექტის გეგმის ინდექსზე (Unit Plan Index)
c. გადახედეთ თემებს საგნისა და კლასის მიხედვით.
შენიშვნა: ზოგიერთ ნიმუშს თან ახლავს ხმოვანი მასალა (ჩანაწერები, მუსიკა და ხმოვანი ეფექტები). გაააქტიურეთ ხმოვანი სისტემა თქვენს კომპიუტერზე, ჩართეთ სპიკერები ან გამოიყენეთ ყურსასმენები. (იხილეთ ოპერაციული სისტემა - ჯგუფი 3.)
2. პროექტების პორტფოლიოს განხილვისას, დააკვირდით, რა ეტაპზე და როგორ ინტეგრირდება პროექტის შემადგენელი ნაწილები, გამოიყენე პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი.
3. ჩაინიშნეთ, თუ რაიმე საინტერესო იდეას მოისმენთ, რომლის ადაპტირებას და გამოყენებასაც შეძლებთ თქვენი პროექტის პორტფოლიოში.

არასავალდებულო: თუ გაინტერესებთ ინფორმაცია პროექტებით სწავლებაზე ინდივიდუალურ კომპიუტერულ გარემოში, წაიკითხეთ ინდივიდუალური კომპიუტერული სცენარები, განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში ინდივიდუალური კომპიუტერული სწავლება
4. განიხილეთ შემდეგი კითხვები მცირე ჯგუფებში
a. რა სახით ინტეგრირდება პროექტები მოცემულ თემებში?
b. როგორ გამოიყენებდით ამ იდეებს თქვენი პროექტის გასაუმჯობესებლად?

აქტივობა 4: პუბლიკაციის მომზადება პროექტებით სწავლების თემაზე
მოსწავლეები, მშობლები, საზოგადოების წევრები სწავლების ტრადიციულ მეთოდებს, ლექციას, ფაქტების დამახსოვრებას და ტესტირებას არიან მიჩვეული და, შესაბამისად, პროექტზე დაფუძნებულ სწავლებაზე ხშირად არასწორი წარმოდგენა აქვთ. ეს განსაკუთრებით ვრცელდება მათზე, ვინც წარმატებებს აღწევს მასწავლებელზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოში.
მომდევნო აქტივობებში თქვენ ჯერ დაგეგმავთ და შემდეგ შექმნით სტატიას, სადაც თქვენ მიერ არჩეულ სამიზნე ჯგუფს აუხსნით პროექტზე დაფუძნებული სწავლების მეთოდს. თქვენი სამიზნე ჯგუფი შეიძლება იყოს მოსწავლეები, მათი მშობლები ან თქვენი სკოლის მასწავლებლები და ადმინისტრაცია. სტატიაში შეგიძლიათ განიხილოთ, თუ როგორ განსხვავდება მოსწავლეებისადმი არსებული მოლოდინები თქვენს გაკვეთილზე, განსხვავებით ტრადიციული საკლასო გარემოსგან, ან შეგიძლიათ ისაუბროთ, თუ როგორ აკმაყოფილებს პროექტები სასწავლო სტანდარტებს, როგორ იცვლება მოსწავლის როლი პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ფარგლებში, ან ფასდება პროექტები. ქვემოთ წარმოდგენილი აქტივობები დაგეხმარებათ თქვენი სტატიის ძირითადი მიზნის ჩამოყალიბებასა და სამიზნე აუდიტორიის შერჩევაში.
ბეჭდვითი გამოცემები ეფექტურია სამიზნე აუდიტორიასთან მუშაობაში. ამ გზით შესაძლებელი ხდება ინფორმაციის ზუსტი გაცვლა და მოსწავლეებისთვის კომუნიკაციის ეფექტური მეთოდის დემონსტრირება. სტატიის გამოცემისთვის შეგიძლიათ ერთი რომელიმე ფორმატი შეარჩიოთ - ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი ან სხვა ბეჭდვითი მედია.
მოცემული აქტივობის ფარგლებში თქვენ სტატიის გამოქვეყნებისთვის მზადებას დაიწყებთ. შეგიძლიათ ჩაატაროთ კვლევა, რათა პროექტებით სწავლების მეთოდზე მეტი ინფორმაცია მოიპოვოთ, გაეცნოთ სხვა სტატიებს ამავე თემაზე, ფორმატირების და შინაარსობრივი იდეებისთვის. გაითვალისწინეთ, თუ როგორ გეგმავთ პროექტების გამოყენებას სასწავლო პროცესში. სტატიაში უპასუხეთ იმ კითხვებს, რომლებიც პოტენციურად შეიძლება დაგისვან მოსწავლეებმა და მშობლებმა. სტატიის გაზიარება დასაწყისში დაგეხმარებათ სწორი მოლოდინების ჩამოყალიბებასა და მოსწავლეების შემზადებაში.
ნაბიჯი 1: პუბლიკაციის დაგეგმვა
დაფიქრდით, როგორ იყენებთ პროექტებს სწავლებაში ან რა სახით გეგმავთ მათ გამოყენებას. რა კითხვები შეიძლება გაუჩნდეს თქვენს მოსწავლეებს, მშობლებს ან სხვა მასწავლებლებს პროექტებზე დაფუძნებულ სწავლებასთან დაკავშირებით? მოამზადეთ საუკეთესო პასუხები მათ კითხვებზე. რისი გათვალისწინება დაგჭირდებათ გამოცემაში პროექტებზე დაფუძნებული სწავლების ახსნისას? გამოიყენეთ გამოცემის ჩეკლისტის მომზადებარომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში პროექტებზე დაფუძნებული სწავლება. 
ნაბიჯი 2: პროექტებზე დაფუძნებული სწავლის კვლევა
ამ ნაბიჯზე პროექტების შესახებ ინფორმაციას ინტელის საგანმანათლებლო ვებსაიტზე მოიპოვებთ და საჭირო ინფორმაციას შეინახავთ მონიშვნის და სარჩევის შექმნის ფუნქციის გამოყენებით.
ვებგვერდების მონიშვნა და სარჩევის შექმნა შესაძლებლობას გაძლევთ, შეინახოთ და ანოტაცია გაუკეთოთ თქვენს საყვარელ ვებგვერდებს და შეძლოთ მათი გახსნა ინტერნეტში ჩართული ნებისმიერი კომპიუტერიდან. მონიშვნის ფუნქცია ასევე გვთავაზობთ ვებგვერდების მონიშვნას აღწერითი სიტყვებით, რაც მათი კატეგორიზაციის და ორგანიზების ახალ შესაძლებლობებს ქმნის. თუ ვებგვერდს სხვა მომხმარებლებს გაუზიარებთ, ისინიც შეძლებენ, დაამატონ თქვენი რესურსები თავიანთ კოლექციას.
1. გაეცანით მონიშნულ ვებგვერდებს, რომელიც ტრენერმა მოგაწოდათ.
a. გაიარეთ რეგისტრაცია.
b. გაეცანით ინსტრუქციებს.
c. ჩაწერეთ ვებგვერდის მისამართი, თქვენი მომხმარებლის სახელი და პაროლი ამ დოკუმენტში საიდენტიფიკაციო ინფორმაცია,რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში კურსის შესახებ. შეინახეთ დოკუმენტი თქვენი პორტფოლიოს საქაღალდეში კურსის_რესურსები.
შენიშვნა: ონლაინმონიშვნისა და სარჩევის შექმნის ფუნქციებისთვის იხილეთ სხვა ვებგვერდებიც, რესურსების ჩანართის ჯგუფში ინტერნეტრესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.
2. შედით ვებგვერდზე: http://tpdc.ge/essentials/project%20design/
3. დააწკაპუნეთ ბმულზე პროექტების დიზაინი (Project Design).
4. მონიშნეთ ან სარჩევში შეიტანეთ ვებგვერდი.
5. გადახედეთ შემდეგ ინფორმაციას და გადაწყვიტეთ, კიდევ რა ინფორმაცია გჭირდებათ სტატიისთვის. მონიშნეთ ან სარჩევში შეიტანეთ ახალი რესურსები საჭიროებისამებრ:
a. პროექტების მახასიათებლები: პროექტებზე დაფუძნებული გაკვეთილის მომზადებისთვის საჭირო საკითხები
b. პროექტების დაგეგმვა: დაგეხმარებათ პროექტებზე დაფუძნებული თემის დაგეგმვაში, მიმდინარე, მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სტრატეგიების განსაზღვრაში.
c. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვები როგორ აღვიძებს მოსწავლეების ინტერესს და როგორ იწვევს მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებას და მოსწავლეთა ჩართულობის გაზრდას.
d. პროექტები მოქმედებაში: მაგალითები პროექტებზე დაფუძნებული სწავლების მიდგომების, მასწავლებლებისა და მოსწავლეების როლების შეცვლის და კლასის გარეთ საზოგადოებასთან თანამშრომლობის.
შენიშვნა: შეფასებაზე მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ ინტელის რესურსს პროექტების შეფასება შემდეგ მისამართზეhttp://tpdc.ge/essentials/assessing-projects/. ამ რესურსს გაეცნობით შემდეგ მოდულებში.
6. არასავალდებულო: პროექტებზე დაფუძნებული სწავლების დამატებითი რესურსები მოთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში პროექტზე დაფუძნებული სწავლება. ვებგვერდები მონიშნეთ ან სარჩევში შეიტანეთ საჭიროებისამებრ.
ნაბიჯი 3: გამოცემების ნიმუშის გაცნობა
1. გაეცანით გამოცემის ნიმუშებს, რომელიც განთავსებულია რესურსების ჩანართის ჯგუფში პროექტზე დაფუძნებული სწავლება/გამოცემების ნიმუშები. აქვე გაეცნობით იდეებს ახალი ამბების, გაზეთის, ბროშურის ან პლაკატის შინაარსობრივ მხარესთან დაკავშირებით.
2. ჩაინიშნეთ ყველა ის იდეა, რომელიც გსურთ, რომ თქვენს სტატიაში გამოიყენოთ.

აქტივობა 5: გამოცემის მომზადება
გამოიყენეთ ზემოთ მოგროვილი ინფორმაცია სტატიის მოსამზადებლად და ახსენით, როგორ და რატომ გამოიყენება პროექტები სასწავლო პროცესში.
ნაბიჯი 1: პუბლიკაციაზე მუშაობის დაწყება
1. თუ გსურთ, თქვენი იდეები სწრაფად დაიტანეთ ერთ დოკუმენტზე. თუ გჭირდებათ, გამოიყენეთ დამხმარე გზამკვლევიტექნოლოგიური დავალებების შესასრულებლად.
a. გახსენით დოკუმენტი, თქვენი იდეები ჩაინიშნეთ და დაიწყეთ მზადება ახალი ამბების ბიულეტენის, გაზეთის, ბროშურის ან პლაკატის შესაქმნელად. მათი ნიმუშები შეგიძლიათ ნახოთ რესურსების ჩანართის ჯგუფში საგამომცემლო კოლაჟი.
b. დაბეჭდეთ დოკუმენტი და ჩაწერეთ თქვენი იდეები ხელით, ან ჩაბეჭდეთ თემები თუ სათაურები გამოცემის შესაბამის ადგილას.
c. თუ გეგმავთ საგამომცემლო კოლაჟის გამოყენებას პირველადი იდეების შესაგროვებლად, შეინახეთ დოკუმენტი თქვენი პორტფოლიოს საქაღალდეში სასწავლო_პროექტის_დამხმარე და შემდეგ გახსენით შაბლონი პორტფოლიოს საქაღალდიდან.
2. გახსენით ტექსტური რედაქტორი (იხილეთ ტექსტური რედაქტორი - უნარი 1.1)
3. საჭიროების შემთხვევაში, შეიტანეთ ცვლილებები ინსტრუმენტების პანელში, მენიუში, ძირითად პარამეტრებში ისე, რომ ყველას ეკრანზე გამოჩნდეს ერთი და იგივე ღილაკები და მენიუს ფუნქციები. ეს ცვლილება გააიოლებს ინსტრუქციების ზედმიწევნით დაცვას. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი - უნარი 1.6)
პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: კლასის ან კომპიუტერული ლაბორატორიის კომპიუტერებზე ერთი და იგივე გარემო დააყენეთ, რათა ინსტრუქციების შესრულება გაიოლდეს.
4. მოამზადეთ დოკუმენტი შესაბამის საგამომცემლო ფორმატში. აირჩიეთ ერთ-ერთი ქვემოთ მოცემული ვარიანტი:
  • გახსენით სასურველი ფორმატის შაბლონი (ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა ან პლაკატი) ვორდის ცარიელი დოკუმენტიდან. (იხილეთ ] ტექსტური რედაქტორი – უნარი 10.3.)
  • შეინახეთ შაბლონი რესურსების ჩანართის ჯგუფიდანპროექტებზე ორიენტირებული სწავლება/გამოცემის შაბლონები. თუ ამ საქაღალდეში წარმოდგენილი შაბლონები არ შეესაბამება თქვენს საჭიროებებს, ჩამოტვირთეთ ახალი შაბლონი ვებ-გვერდიდან. (იხილეთ 5] ტექსტური რედაქტორი - უნარი 10.5.)
შენიშვნა: ვიდრე ბეჭდვას დაიწყებდეთ, არ დაგავიწყდეთ, რომ შაბლონი შეინახოთ თქვენი პორტფოლიოს საქაღალდეშისასწავლო_პროექტის_დამხმარე და შემდეგ გახსნათ დოკუმენტი პორტფოლიოდან. (იხილეთ ] ტექსტური რედაქტორი - უნარი 10.4.)
  • შექმენით ახალი დოკუმენტი. შეიმუშავეთ დიზაინი, ჩასვით ტექსტური ცხრილები, რათა განსაზღვროთ ტექსტისთვის განკუთვნილი ადგილები (ახალი ამბების ბიულეტენი, გაზეთი, ბროშურა, პლაკატი) და შეცვალეთ ზომები საჭიროების მიხედვით. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი 6.46.9, და ]6.10.)
5. დოკუმენტზე მუშაობისას ხშირად გამოიყენეთ შენახვის ღილაკი და განახლებული ფაილი შეინახეთ პორტფოლიოს საქაღალდეშისასწავლო_პროექტის_დამხმარე.
ნაბიჯი 2: გამოცემის დაკაბადონება
გამოცემის შინაარსი და დიზაინი ისე შეარჩიეთ, რომ თქვენი მთავარი გზავნილების ეფექტურად გავრცელებაში დაგეხმაროთ. გამოიყენეთ დამხმარე გზამკვლევი, თუ დამატებითი ტექნიკური დახმარება დაგჭირდებათ.
1. თუ იყენებთ შაბლონს, ტექსტის ნიმუშები შეცვალეთ თქვენი ტექსტებით.
2. შეცვალეთ ტექსტის ფორმატი ისე, რომ თქვენს მთავარ გზავნილს/შინაარსს და მოცულობით შეზღუდვებს შეესაბამებოდეს. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი – ჯგუფი 3)
3. შეცვალეთ აბზაცების ფორმატი ისე, რომ ტექსტში მოცემული ინფორმაცია უფრო იოლად წაკითხვადი იყოს: შეცვალეთ სტრიქონებს შორის მანძილი, ტექსტის ფონი, ჩარჩოები და ა.შ. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი - ჯგუფი 4)
4. ჩასვით ტექსტური არეები, რათა თქვენთვის სასურველ ადგილას ჩასვათ ტექსტი. (იხილეთ გრაფიკული უნარარი 7.2 დატექსტური რედაქტორი – უნარი 6.9] 6.10, და ] 6.13. იხილეთ გრაფიკული უნარი 5.1 გამოიტანეთ ხატვის ფუნქცია).
5. დააკავშირეთ ტექსტური არეები ისე, რომ ტექსტი წყვეტის გარეშე ებმოდეს ერთმანეთს. (იხილეთ ]ტექსტური რედაქტორი – უნარი 6.11)
a. ჩასვით სურათი ტექსტთან. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი - ჯგუფი 5)
შენიშვნა: მონიშნეთ ვებგვერდები, საიდანაც გადმოტვირთავთ სურათებს, რათა შემდეგ შეძლოთ გამოყენებული წყაროების ზუსტად ციტირება.
b. შეცვალეთ სურათის ზომა და მდებარეობა.
c. შეცვალეთ ტესტისა და სურათის პოზიცია, ტექსტი ფოტოს გარშემო, სურათი ტექსტის ფონზე, სურათი ტექსტის გვერდით და ა.შ.
d. სურვილის შემთხვევაში, შეკუმშეთ სურათი (შეამცირეთ მისი მოცულობა), რათა დოკუმენტის ზომა ძალიან არ გაიზარდოს.
დაკაბადონების დამატებითი ფუნქციები
გამოიყენეთ დაკაბადონების დამატებითი ფუნქციები. გამოიყენეთ დამხმარე გზამკვლევი, ტექნიკური ოპერაციების განხორციელებაში.
6. საჭიროების შემთხვევაში, შეცვალეთ დიზაინის ფონი, შრიფტი და ფერი. (იხილეთ ]ტექსტური რედაქტორი - უნარი 6.19)
7. გამოიყენეთ ცხრილი ინფორმაციის ორგანიზებისთვის. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი – ჯგუფი 7)
8. ჩასვით ფიგურები და ჩარჩოები მნიშვნელოვანი დეტალების ხაზგასასმელად. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი – ჯგუფი 5 და 6)
9. ჩასვით დიაგრამა ან გრაფიკი მონაცემების ვიზუალიზაციისთვის. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი – ჯგუფი 8)
აქტივობა 6: რეფლექსია
რეფლექსია სწავლის პროცესის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ხშირად მივიწყებული კომპონენტია. ყოველდღიური სწავლების რუტინა ვრცელი და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებ შესაძლებლობას გვიტოვებს. ცხადია, მასწავლებლები მიმართავენ რეფლექსიას, თუ რა ხდება კლასში ყოველდღიურად, აფასებენ, რომელი აქტივობები იყო წარმატებული და რომელი – არა, აფასებენ მოსწავლეებს მრავალმხრივად, თუმცა სისტემური ანალიზის პრაქტიკა, რომელიც სწავლების გაუმჯობესებაზეა ორიენტირებული, ხშირად უგულვებელყოფილია.
გამოყავით ცოტაოდენი დრო და სიღრმისეულად გააანალიზეთ სწავლის პროცესი, გაარკვიეთ გაუგებრობების და წინააღმდეგობების მიზეზები.
ნაბიჯი 1: ბლოგის მომზადება
თითოეული მოდულის ბოლოს, მოდულში წარმოდგენილ ძირითად ცნებებს გააანალიზებთ თქვენს პირად ბლოგში. ბლოგები გამოიყენება მკითხველებთან ინფორმაციის გაზიარების, შეფასებების მიღების და დისკუსიებისთვის. ჩანაწერებს ხშირად ჟურნალის სახე აქვს და მათი რეგულარული განახლება ხდება.
მომდევნო აქტივობაში თქვენ განიხილავთ მოდულის ზოგად კითხვებს და მნიშვნელოვან საკითხებს, შემდეგ გააანალიზებთ შესწავლის პროცესს პირად ბლოგში.
1. გახსენით ტრენერის მიერ მოწოდებული ბლოგი.
შენიშვნა: დამატებითი ვებგვერდები, რომლებიც უფასო ბლოგსივრცეს გთავაზობთ ინფორმაციის გამოსაქვეყნებლად, შეგიძლიათ იხილოთ რესურსების ჩანართის ჯგუფში ინტერნეტრესურსები/ვებ 2.0 კოლაბორაციული რესურსები.
a. მონიშნეთ ან სარჩევში შეიტანეთ საიტი.
b. გაიარეთ ავტორიზაცია და შექმენით ახალი ბლოგი.
c. ჩაწერეთ ბლოგის მისამართი, მომხმარებლის სახელი და პაროლი ფაილში. საიდენტიფიკაციო ინფორმაცია რომელიც მდებარეობს საქაღალდეში კურსის_რესურსები (იმ შემთხვევაში, თუ შენახული გქონდათ ადრე) ან რესურსების ჩანართის ჯგუფში კურსის შესახებ.
2. გადახედეთ პირველი მოდულის კითხვებს და ძირითად საკითხებს.
3. ბლოგზე შექმენით პოსტი სათაურით პირველი მოდულის რეფლექსია. დაიწყეთ პოსტის წერა შემდეგი წინადადებით და შემდეგ თქვენი მოსაზრებებით განავრცეთ:
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში
შენიშვნა: თუ ინტერნეტის ხშირი წყვეტები გაქვთ, გირჩევთ პოსტის ტექსტი ჯერ ტექსტურ რედაქტორში აკრიფოთ და შემდეგ ბლოგში გადაიტანოთ. (იხილეთ ტექსტური რედაქტორი – უნარი 2.6)
4. დაწერეთ ნებისმიერი იდეა, კითხვა ან დასვით ნებისმიერი პრობლემა ბლოგის პოსტის ჩანაწერში.
პრაქტიკული რჩევა გაკვეთილისთვის: განსაზღვრეთ, თუ როგორ შეიძლება გააუმჯობესოს სწავლის პროცესი რეფლექსიის აქტივობებმა - რომლებიც თითოეული მოდულის ბოლოს შეგხვდებათ - თუ მოსწავლეებისთვის რეფლექსია ყოველდღიური სწავლის შემადგენელი ნაწილი გახდება.
წინასწარ დაგეგმვა: დაგეგმვის პროცესის დაწყება
ნაბიჯი 1: ჩემი პროექტის გეგმისა და დიზაინის პირველადი მონახაზი
პირველი მოდულის აქტივობებზე მუშაობის შემდეგ ალბათ გაგიჩნდათ რამდენიმე იდეა პროექტის გეგმისთვის შესარჩევი თემატიკის შესახებ. მომდევნო აქტივობის ფარგლებში თქვენ დაიწყებთ გეგმის შედგენას. პირველ რიგში, მოიფიქრეთ, რა კომპონენტებისგან უნდა შედგებოდეს თქვენი გეგმა. შემდეგ შეაგროვეთ მასალები, რომლებიც გეგმის შედგენისთვის დაგჭირდებათ.
წინასწარ დაგეგმვა: პირველი ნაბიჯები ჩემი პროექტის გეგმის შედგენაში
1. რა არის იმ პროექტის ძირითადი არსი, რომელსაც კურსის განმავლობაში ჩამოაყალიბებთ?

2. რა კავშირებს ხედავთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და ამ თემას შორის?

3. როგორ შეიძლება გააკეთოთ ტექნოლოგიების ინტეგრირება?

4. პროექტის რა სცენარზე ფიქრობთ? როგორია თქვენი პროექტის ზოგადი მონახაზი და იდეა?

5. რა როლი ექნება თქვენს მოსწავლეებს და რა დავალებებს შეასრულებენ ისინი?

ნაბიჯი 2: მაღალი დონის სააზროვნო და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები მნიშვნელოვანია თქვენი მოსწავლეებისთვის წარმატების მისაღწევად. გახსენით 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რომელიც მდებარეობს რესურსების ჩანართის ჯგუფში სააზროვნო უნარები. გადახედეთ თითოეული უნარ-ჩვევის აღწერილობას და გონებრივი იერიშის გზით ჩამოთვალეთ რაში შეიძლება გამოიყენოთ თქვენს საგანში და თქვენს კლასთან. როგორ შეიძლება გააერთიანოთ ამ უნარ-ჩვევის მიღწევა თქვენს გეგმაში? როგორი იქნება ეს უნარ-ჩვევები თქვენს კლასში?
21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მოიპოვოთ ინტელის ვებგვერდზე:
1. გახსენით ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდი მონიშნული ან სარჩევში შეტანილი გვერდებიდან, მოძებნეთ ეფექტური პროექტების დაგეგმვა (Designing Effective Projects) (http://tpdc.ge/essentials/project%20design/).
a. დააწკაპუნეთ ბმულზე სააზროვნო უნარები (Thinking Skills).
b. დააწკაპუნეთ ბმულზე მაღალი დონის სააზროვნო უნარები (Higher-Order Thinking).
  • კრიტიკული აზროვნება:
i. დააწკაპუნეთ ბმულზე ანალიზი (Analysis).
ii. დააწკაპუნეთ ბმულზე კრიტიკული აზროვნება (Critical Thinking) რესურსების განყოფილებაში და გადახედეთ მასალებს.
  • პრობლემების გადაჭრა:
iii. დააწკაპუნეთ ბმულზე ცოდნის გამოყენება (Using Knowledge).
iv. დააწკაპუნეთ ბმულზე პრობლემის გადაჭრა (Problem Solving) რესურსების განყოფილებაში და გადახედეთ მასალებს.
  • შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა:
v. დააწკაპუნეთ ბმულზე ცოდნის გამოყენება (Using Knowledge).
vi. დააწკაპუნეთ ბმულზე შემოქმედებითი აზროვნება (Creativity) რესურსების განყოფილებაში და გადახედეთ მასალებს.
  • კოლაბორაცია:
vii. დააწკაპუნეთ ბმულზე სასწავლო სტრატეგიები (I nstructional Strategies).
viii. დააწკაპუნეთ ბმულზე კოოპერატიული მუშაობა (Cooperative Learning)
2. გახსენით ინტელის საგანმანათლებლო ვებგვერდი მონიშნული ან სარჩევში შეტანილი გვერდებიდან, მოძებნეთ პროექტების შეფასება (http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/).
a. დააწკაპუნეთ ბმულს თვითრეგულირება (Self Direction)
b. დააწკაპუნეთ ბმულს მიმოხილვა და უპირატესობები
c. დააწკაპუნეთ ბმულს განმსაზღვრელი შეფასება (Formative Assessment).
d. დააწკაპუნეთ ბმულს თვითრეგულირებად მსწავლელებად განვითარება (Developing Self-Directed Learners)დიფერენცირებული სწავლების ფანჯრის ქვეშ და გადახედეთ მასალებს.
ნაბიჯი 3: სასწავლო მასალების მოძიება
შეაგროვეთ მასალები (სახელმძღვანელოები, დამხმარე სასწავლო მასალები, თითოეული კლასის მოთხოვნები, სტანდარტები, მოსწავლეთა ნამუშევრების ნიმუშები და ა.შ.), რაც პროექტის გეგმების შედგენაში დაგეხმარებათ.
ჩამოთვალეთ, რა მასალების შეგროვება გჭირდებათ:

ბიბლიოგრაფია
Black, P., Harrison, C., Lee, C., Marshall, B., & Wiliam, D. (2003). Assessment for learning: Putting it into practice. Berkshire, England: Open University Press.
Bloom, B., Madaus, G., & Hastings, J. T. (1981). Evaluation to improve learning. New York: McGraw-Hill.
Boaler, J. (1999, March 31). Mathematics for the moment, or the millennium? Education Week. Retrieved from Education Week Web site,www.edweek.org/ew/articles/1999/03/31/29boaler.h18.html?qs=mathematics.
Bransford, J., Brown, A., & Cocking, R. (Eds.). (2000). How people learn: Brain, mind, experience, and school (Expanded edition). Washington, DC: National Research Council, National Academy Press.
Newmann, F., Bryk, A., & Nagaoka, J. (2001). Authentic intellectual work and standardized tests: Conflict or coexistence? Chicago: Consortium on Chicago School Research. Retrieved from the Consortium on Chicago School Research Web site,http://ccsr.uchicago.edu/content/publications.php?pub_id=38.
Partnership for 21st Century Skills. (2003). Learning for the 21st century. Washington, DC: Partnership for 21st Century Skills. Retrieved from http://www.p21.org
Railsback, J. (2002). Project-based instruction: Creating excitement for learning. Portland, OR: Northwest Regional Educational Laboratory. Available from the Northwest Regional Educational Laboratory Web site, www.nwrel.org/request/2002aug.
SRI International. (2000, January). Silicon Valley challenge 2000: Year 4 report. San Jose, CA: Joint Venture, Silicon Valley Network. Available from the Project-Based Learning with Multimedia Web site, http://pblmm.k12.ca.us/sri/Reports.htm.
Stiggins, R. (2004). New assessment beliefs for a new school mission. Phi Delta Kappan, 86(1), 22-27.
Thomas, J. W. (1998). Project-based learning: Overview. Novato, CA: Buck Institute for Education.
Thomas, J. W. (2000). A review of research on project-based learning. San Rafael, CA: Autodesk. Available from the Autodesk Foundation Web site, http://web.archive.org/web/20030812124529/www.k12reform.org/foundation/pbl/research
Wiggins, G., & McTighe, J. (2005). Understanding by design (Expanded 2nd edition). Alexandria, VA: Association for Supervision and Curriculum Development.
მოდული 1 შეჯამება
გადახედეთ პირველი მოდულის ზოგად კითხვებს და ძირითად საკითხებს, დაფიქრდით, რა იდეები გაგიჩნდათ და რა მასალები შექმენით, რომელსაც კლასში ან დაგეგმვის პროცესში გამოიყენებთ.
მოდულის შეკითხვები:
  • როგორ დაეხმარება პროექტები ჩემს მოსწავლეებს სასწავლო სტანდარტის მიღწევაში (ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგზე გასვლაში) და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების განვითარებაში?
  • როგორ გამოვიყენოთ პროექტები სასწავლო პროცესის გაუმჯობესებისთვის?
ძირითადი საკითხები:
  • სწავლისა და სწავლების კვლევა გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია:
  • მნიშვნელოვანი თემატიკის სიღრმისეულად სწავლება
  • მნიშვნელოვანი იდეების ორგანიზება
  • მიმდინარე შეფასება
  • მიზანმიმართული, ავთენტური დავალებები
პროექტებში გამოიყენება სცენარები, რომლებიც სწავლის მრავალფეროვან შესაძლებლობებს ქმნის, მოსწავლეებს რთავს პრობლემების გადაჭრის პროცესში და სხვა მნიშვნელოვან დავალებებში. პროექტების მეშვეობით, სასწავლო თემები რეალურ ცხოვრებას უკავშირდება.
პროექტების დაგეგმვის ეტაპებია:
  • კონკრეტული სასწავლო მიზნების ჩამოყალიბება (სტანდარტებიდან და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებიდან)
  • მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება
  • შეფასების გეგმის შედგენა
  • აქტივობების შედგენა
მომდევნო მოდულებში ამ ცნებებს გამოიყენებთ და განავითარებთ, სტანდარტებზე დაფუძნებული პროექტებისა და მოსწავლეზე ორიენტირებული აქტივობების მეშვეობით, მაღალი დონის სააზროვნო უნარების განვითარებისა და ხელშეწყობისთვის.

loading

Комментариев нет:

Отправить комментарий